ჩიზქეიქი

ჩიზქეიქი!

საშუალო სირთულის

60 წუთი

4 ადამიანზე

ინგრიდიენტები:

● ფხვიერი ნამცხვარი, ქარხნული - 250 გ

● კარაქი - 120 გ

● გულსართისთვის

● ხაჭო - 1 კგ

● შაქარი - 200 გ

● კვერცხი - 5

● არაჟანი - 3 ს.კ

● ფქვილი - 3 ს.კ

● ვანილი

მომზადების წესი:

  1. ძირის მომზადება: ნამცხვარი დავფხვნათ – ბლენდერში დავატრიალოთ, ან ცელოფანში მოვათავსოთ და ზემოდან ცომის საგლინველა გადავატაროთ. დაფხვნილ ნამცხვარს მოვასხათ გამდნარი კარაქი და კარგად ავურიოთ. ეს მასა გადავიტანოთ საცხობ ფორმაში (26 სმ. დიამეტრის) და ძირზე თანაბრად გავანაწილოთ ისე, რომ ოდნავ გვერდებზეც ამოვიდეს. საცხობი ფორმა შევდგათ მაცივარში და შევუდგეთ ხაჭოს მასის მომზადებას: ავთქვიფოთ შაქარი და ხაჭო, სათითაოდ დავუმატოთ კვერცხები. ბოლოს დავუმატოთ არაჟანი, ფქვილი და ვანილი.

  2. ჩიზქეიქს დიდხანს თქვეფა არ უყვარს, ინგრედიენტები უბრალოდ უნდა შეერიოს ერთმანეთს. შეგიძლიათ მიქსერი არც გამოიყენოთ და ხელით იმუშავოთ. ხაჭოს მასა დავასხათ დატკეპნილ ძირს და შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ელექტრო ღუმელში დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში. როცა კიდეები საცხობ ფორმას მოცილდება და ოდნავ მოიბრაწება, ესე იგი, მზადაა. ჩიზქეიქის გული, კიდეებთან შედარებით, თიმთიმა უნდა იყოს, თითქოს მომზადება აკლიაო, მაგრამ ამან არ დაგაფრთხოთ – როცა გაცივდება, გულიც გაუმკვრივდება. ზოგჯერ ჩიზქეიქს ცხობისას ზედაპირი უსკდება. თუ გვინდა, რომ გლუვი და კრიალა ზედაპირი ჰქონდეს, მაშინ ავურიოთ 100 მლ არაჟანი და 2 ს.კ. შაქარი და საბოლოო მომზადებამდე ათი წუთით ადრე მოვასხათ ზემოდან, შემდეგ კი ისევ შევაბრუნოთ გაზქურაში.

 მზა ჩიზქეიქს ვაცადოთ შეგრილება, შემდეგ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით დავტოვოთ მაცივარში. სერვირებისას ზემოდან შეგვიძლია მოვასხათ რაიმე მურაბა.

რჩევა: ჩიზქეიქის გამოსაცხობად უმჯობესია გამოიყენოთ ისეთი საცხობი ფორმა, რომელსაც გვერდები ეხსნება.

გემრიელად მიირთვით!

Ninja SP101EU

Previous
Previous

შვრიის ორცხობილა

Next
Next

ხაჭოს ხვეულები ვაშლით